რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა და ის ძალაში 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი განკარგულებით, პუტინმა დღეიდან მოხსნა საქართველოში ფრენების განხორციელებასა და ტურების გაყიდვაზე რუსული ავიაკომპანიებისთვის 2019 წელს დაწესებული აკრძალვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად). გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვინც რუსეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით შევლენ, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
„15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ სასაზღვრო გამშვები პუნქტებით უვიზო რეჟიმით, ყოველი 180 დღიდან 90 დღემდე დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ 90 დღეზე მეტი ვადით სწავლას რუსულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შრომითი საქმიანობას, რუსეთის ფედერაციაში დროებით ან მუდმივად ცხოვრებას, ვალდებულნი არიან, რუსეთის ფედერაციაში შემოვიდნენ და დატოვონ იგი ვიზებით“, - განმარტა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუქმებს საკუთარი მოქალაქეებისთვის 2019 წლის 21 ივნისიდან მოქმედ რეკომენდაციას, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.
„თუმცა, ამ ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ასპექტები, გამოიჩინოთ სიფრთხილე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების განახლებისა და უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე, შეესაბამება ჩვენს პრინციპულ მიდგომას, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად“, - აღნიშნა ზახაროვამ.
საქართველო-რუსეთს შორის სამი წლის წინ შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი 2023 წლის იანვარში გახდა განსაკუთრებით აქტუალური - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ შეაქო „მამაცობისთვის“. როგორც მან თქვა, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და მოხარულია, რომ „უერთიერთობები აქტიურად ვითარდება“. მაშინ ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მალე იქნებოდა შესაძლებელი.
რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს ცალმხრივად შემოიღო. 2008 წელს, აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, შეწყდა რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოშვებაც. 2010 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმი დააწესა, 2012 წლის მარტიდან კი აღნიშნული რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდა.
2019 წლის ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღარ არსებობდა. პირდაპირი ფრენები პუტინის გადაწყვეტილებით შეწყდა, რასაც წინ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.