„ეს პატივსაცემია, სიმამაცეა“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწონა „სიმამაცე“, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მიხარია, რომ საქართველოს ხალხთან ჩვენი უერთიერთობები აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასაც.

ჩვენ ვხედავთ, საქართველო, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქვეყანა, განიცდის ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, რომელიც ღიად, საჯაროდ ითხოვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს სიმამაცე, თქვას, რომ იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია“, - განაცხადა ლავროვმა დღეს, 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

სერგეი ლავროვს საქართველოს შესახებ კითხვა „ალტ-ინფოს“ კორესპონდენტმა, დავით ახვლედიანმა დაუსვა: „აქვს თუ არა რუსეთს მკაფიო სტრატეგია დასავლეთის დესტრუქციული კულტურული ექსპანსიის წინააღმდეგ და ითვალისწინებს თუ არა ის თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ბუნებრივი მოკავშირეები კონსერვატიული ღირებულებების დაცვაში“. ლავროვმა ხაზი „კულტურული წარმომადგენლობის“ და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა.

„ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული რელიგიასთანაც და მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობასთან - რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის. როდესაც უკრაინაში ეს - არა რუსული გავლენის ინსტრუმენტი, არამედ უბრალოდ ტრადიციების, ისტორიის შენარჩუნების, ტრადიციის თაობიდან თაობაზე გადაცემის ინსტიტუტი ინგრევა, იკრძალება, მღვდელმსახურები დაპატიმრებას და მოქალაქეობის ჩამორთმევას ექვემდებარებიან - ეს ის მეთოდებია, რომლითაც დასავლეთი იბრძვის თავისი ღირებულებების დასამკვიდრებლად.

მე დიდი პატივისცემით ვეკიდები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც ამ ღირებულებებს იცავს და საერთო ჯამში, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ქართველ ხალხთან. დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, რაც დაკავშირებული იყო... აქაც NATO-მ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში, ბუქარესტში გამართულ სამიტზე მიღებული იქნა დეკლარაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში იქნებიან. სააკაშვილმა სრულიად აშკარად... არ მინდა ჟარგონი ვიხმარო... მოკლედ ემოციები წაუვიდა და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ინდულგენციაა. ერთი თვით ადრე, ვიდრე ცხინვალის და სამშვიდობოების პოზიციების დაბომბის ბრძანებას გასცემდა, კონდოლიზა რაისიც ჩამოვიდა. უკრაინას ცოტა მეტი დრო დასჭირდა, რომ ბუქარესტის იმპულსი მისულიყო იმ ადამიანებამდე, რომლებმაც თავიანთი ტერიტორიიდან ყველაფერი რუსულის განდევნა გადაწყვიტეს“, - განაცხადა ლავროვმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაამატა, რუსეთი მხარს უჭერს, რომ აფხაზეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“ საქართველოსთან ურთიერთობები დაალაგონ. ლავროვმა დასავლეთი დაადანაშაულა „ჟენევის დისკუსიების“ ჩაშლაში და თქვა, რომ „ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ რაღაცნაირად ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატიც უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ“.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა აგვისტოში რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარების შემდეგ.

2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა გამოირიცხა. მანამდე, 2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ ყოფილი ოსი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერები გამოსცა. პროკურორის განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალ ლეიტენენტ მიხაილ მინძაევის, ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილი უფროსის, ჰამლეტ გუჩმაზოვის და ე.წ. ომბუდსმენის, დავით სანაკოევის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეხება ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც, რომელსაც „საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას“. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „უკვე ოფიციალურადაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.