„ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო. არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა. ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია - შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დროა, შეიკრიბოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი განიხილოს.
„მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს უკვე გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს რაღაც ზომები სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე.
ჩვენ არ გვჭირდება დღეს რუსეთისგან საჩუქრები, ვითომ რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი.
მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხზე არის ერთიანი, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული უკრაინელი მეგობრებისადმი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამის ერთგულნი უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 10 მაისს, ვლდიმერ პუტინმა ორი განკარგულება გამოსცა. პირველი 15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს, ხოლო მეორე - რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. დღეიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა საკუთარი მოქალაქეებისადმი რეკომენდაცია, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.