საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ არასანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს მიიღებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოსთვის რუსეთის ხელისუფლებას, ან რომელიმე კომპანიას პირდაპირი ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
„დღეს რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები არაერთი ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება - მათ შორის, როგორიც არის ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. თავის მხრივ, გვინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული.
რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. ... დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გადაწყვეტიელბა არანაირ გავლენას არ იქონიებს ჩვენს მკაფიო არჩევანზე, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მილიონამდე მოქალაქის სამშობლოსთან კავშირს:
„ჩვენ რუსეთთან არ გვქონია შეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით. ყოველდღიურად, ფაქტობრივად ასობით და თვის ჭრილში ალბათ ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უწევდა მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც გაუქმდა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 21 ივნისს მის მიერვე დაწესებული აკრძალვა. გარდა ამისა, პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესასვლელად ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაკომპანიები რუსული წარმოების საჰაერო ხომალდებით მოსკოვი-თბილისი და თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ყოველკვირეულად 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ.
პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმა, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის მორიგ რუსულ პროვოკაციად შეაფასა. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. „ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 459 541 მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით, 401%-იანი ზრდა იყო.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 ადამიანი შეადგინა. იმიგრანტებიდან 54 405 საქართველოს, ხოლო 62 304 რუსეთის მოქალაქე იყო.