ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს, საზოგადოების კრიტიკის საპასუხოდ, თანამშრომლების სახელით განცხადება გაავრცელა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული „ბინძური კამპანიის“ უკან დგანან „მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან, ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან“! ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად „გვამკობენ“ მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანიაში მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესებას ან მოხსნას, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას ან აღდგენას არა ავიაკომპანიები, არამედ სახელმწიფოები წყვეტენ: „ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები აფხაზეთის ომის დროს, ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახდენდნენ.
„ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული.
2008 წლის ომის დროს „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვოკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი. აქვე ხაზგასასმელია, რომ „ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები. სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ.
ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია - „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია.
მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მითუმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს“, - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ნებართვა 16 მაისს მისცა. პირდაპირი ფრენები კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. 20 მაისს დაგეგმილ რეისზე ერთი გზის ეკონომ კლასის ბილეთის ფასი 825 ლარიდან იწყება, ბიზნეს კლასის ბილეთი კი 2804 ლარი ღირს.
12 მაისს, რუსულ მედიასთან ინტერვიუში „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი ამბობდა, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ კერძო კომპანიაა და ზარალზე ვერ იმუშავებს. ამიტომ მოსკოვი-თბილისის მიმართულების პოპულარიზაციით დაკავდებიან. გაიაშვილის თქმით, „საქართველოში ყველა ნორმალური ადამიანი მიესალმა რუსული მხარის გადაწყვეტილებას, ყველას გამართლებულად მიაჩნია, ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენა“.
მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი 19 მაისს არის დაგეგმილი და მას რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth Airlines) შეასრულებს. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია დააანონსა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 10 მაისიდან მოიხსნა რუსეთიდან საქართველოში ფრენების განხორციელებაზე რუსული ავიაკომპანიებისთვის 2019 წელს დაწესებული აკრძალვა. გარდა ამისა, პუტინმა სავიზო რეჟიმიც გააუქმა და 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა, 90 დღემდე ვადით, უვიზოდ შეუძლიათ.
ამ თემაზე:
EU-ის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა მცირდება - პიტერ სტანო
აშშ საქართველოს აეროპორტების კომპანიებს სანქცირების რისკის შესახებ აფრთხილებს