რუსული ავიაკომპანია და „საქართველოს ავიახაზები“ შემდეგი კვირიდან ფრენებისთვის ემზადებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და „საქართველოს ავიახაზები“ მომავალი კვირიდან მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC წერს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან და „აზიმუტთან“ დაახლოებულ წყაროებს ეყრდობა. გარდა ამისა, ქართული ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა მათ დაუდასტურა, რომ დარჩენილი ფორმალობების დასრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

RBC-ს ინფორმაციით, „აზიმუტმა“ მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისიები შესაძლოა უკვე 16 მაისიდან შეასრულოს, ხოლო „საქართველოს ავიახაზებმა“ - 18 რიცხვიდან.

„შესაძლოა ეს მოხდეს 18-ში, ან ცოტა მოგვიანებით. იმედია მაქვს, რომ უახლოეს ათ დღეში ფრენებს დავიწყებთ“, - ამბობს თამაზ გაიაშვილი რუსულ მედიასთან. მისი თქმით, „აზიმუტი“ მართლაც ემზადება მომავალ კვირაში ფრენების დასაწყებად.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა თურქულმა კომპანიამ, TAV-მა, დაადასტურა, რომ ორივე ავიაკომპანიამ მოსკოვი-თბილისის რეისების განახლების თაობაზე მათ უკვე მიმართა. „აზიმუტი“ საქართველოში კვირაში ექვსჯერ იფრენს.

თამაზ გაიაშვილის თქმით, მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღსადგენად „საქართველოს ავიახაზებს“ არანაირი დაბრკოლება არ აქვს.

„საჭიროა მხოლოდ დაგეგმვა, დღეს შექმნილი ყველა გარემოების გათვალისწინება“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ბილეთების გაყიდვის საკითხის განხილვა მომავალი კვირის დასაწყისში იგეგმება.

გაიაშვილის განცხადებით, „საქართველოს ავიახაზები“ კერძო კომპანიაა და ზარალზე ვერ იმუშავებს. ამიტომ ისინი მოსკოვი-თბილისის მიმართულების პოპულარიზაციით დაკავდებიან.

ამასთან, თამაზ გაიაშვილი რუსეთში ფენების განახლების გადაწყვეტილების შეცვლის საბაბს ვერ ხედავს: „ყველაფრისთვის არგუმენტის არსებობაა საჭირო. საქართველოში ყველა ნორმალური ადამიანი მიესალმა რუსული მხარის გადაწყვეტილებას, ყველას გამართლებულად მიაჩნია, ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენა“.

RBC საკუთარ წყაროზე დაყრდონოთ წერს, რომ რუსეთიდან ფრენები Superjet-ის თვითმფრინავებით შესრულდება, რამდენადაც მათზე არ ვრცელდება სანქციები, რომლებიც უცხოურ აეროპორტებში მათ მომსახურებას კრძალავს. აღნიშნულ თვითმფრინავებს ამუშავებს „აზიმუტი“ და კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings („წითელი ფრთები“), რომელმაც „როსავიაციისგან“ უკვე მოითხოვა მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულების ნებართვა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ საქართველოში ფრენები საინტერესეოდ და პერსპექტიულად მიაჩნიათ, არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის თვალსაზრისით, არამედ საქმიანი ურთიერთობებისა და გასტრონომიული ტურიზმის კუთხითაც. Red Wings-ი ნებართვას ითხოვს სამარა-თბილისის და ყაზანი-თბილისის მარშრუტებზეც.

ამ დროისთვის, მოსკოვსა და თბილისს შორის რეისების შესრულებაზე „როსავიაციის“ ნებართვა მიღებული აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორიც არის „აეროფლოტი“ (კვირაში 14-ჯერ) და Nordwind Airlines (კვირაში 7-ჯერ). ორივე მათგანი შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

RBC წერს, რომ 2019 წელს, პირდაპირი ფრენების აკრძალვამდე, რუსულმა ავიაკომპანიებმა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენებით 590 100 მგზავრის გადაყვანა მოახერხეს, 2018 წლის განმავლობაში კი - 900 000 მგზავრი გადაიყვანეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვეტილი იყო. იმავე წლის 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც თბილისში, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა.

თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეეძლებათ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 10 მაისსვე, საგანგებო ბრიფინგზე, პუტინის გადაწყვეტილებას უწოდა მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია.

ფრენების და უვიზო რეჟიმის განახლება 11 მაისს დადებითად შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა: „მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.

ევროკომისია საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს და იყოს ფხიზლად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კომისიის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას არაუსაფრთხო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. მისი თქმით, სანქციების გამო, რუსული კომპანიების 95%-ს არ შეუძლია განაახლოს ან გააუმჯობესოს თვითმფრინავები, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა საქართველოს აეროპორტებში მომუშავე ის კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.