„დადებითი და მისასალმებელი“ - ღარიბაშვილი პუტინის გადაწყვეტილებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებს და მიესალმება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უვიზო რეჟიმით, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა.შ.

მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.

„რუსეთთან პირდაპირი ავიამომოსვლა აქვთ... რამდენიმე დიდ, მსხვილ ქვეყანას დაგისახელებთ: ჩინეთი - ზესახელმწიფო; თურქეთი - ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, NATO-ს წევრი და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი; ემირატები; ისრაელი, რომელიც ამერიკის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანაა ძალიან ბევრი მიმართულებით, რადგან ისინი ყოველთვის თავის ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში; სამეზობლოში - აზერბაიჯანი, სომხეთი.

ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, დაიწყონ და განახორციელონ ფრენები. ჩვენი პოზიცია ცალსახაა - რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება, არ განხორციელდება ფრენები. ეს მოხდება მოხლოდ არასანქცირებული კომპანიებითა და თვითმფრინავებით. ამაში, მე მგონი, არანაირი პრობლემა არ არის.

აზერბაიჯანში რომ ვიყავი, ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, ეკონომიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში - 100-ზე მეტი და ა.შ. მინდა ჩვენი მეგობრები, ნამდვილი მეგობრები ევროპაშიც და ყველგან დავამშვიდო, დავაწყნარო - ეს არის ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი, ეს უბედურება დაიწყო, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებთ.

ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდნენ, რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. როცა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ და მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ქმედება არ მოჰყოლია, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, გავაანალიზეთ და ვთქვით: არასანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არის, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი, არა მთავარი. ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი, მაქსიმუმ. რა ხდება ევროპის შემთხვევაში?! რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან... შარშან 270 მილიარდი დოლარი, თითქმის 300 მილიარდი დოლარი, შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს, ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით ევროკავშირიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2000 წლიდან საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით უქმდება. 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა და დარჩენა შეეძლებათ უვიზოდ, სასაზღვრო გამშვები პუნქტებით [ყოველი 180 დღიდან 90 დღემდე] დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის. გარდა ამისა, განახლდება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმისვლა, რომელიც 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააუქმა სამი წლის წინ საკუთარი მოქალაქეებისთვის მიცემული რეკომენდაცია, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ.

ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც მან განაცხადა, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მან პუტინის გადაწყვეტილებას უწოდა მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

 

ამ თემაზე:

EU საქართველოს მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს

უცნაურად ჩანს იმ რეჟიმის ჟესტის მისალმება, რომელსაც ოკუპირებული აქვს თქვენი მიწა - დეგნანი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.