„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მორიგ ჯერზე ესხმის თავს დამოუკიდებელ ქართულ ონლაინმედიებს - მტკიცებულებების გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებს მათ ბრალს და ემუქრება. დღევანდელ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, რომ ონლაინმედიებს საქართველოში ფული ჩემოდნებით და კრიპტოვალუტით შემოაქვთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 არასამთავრობოები: ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე დავა ანტიკონსტიტუციურია
- 6 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
„როდესაც საუბარია ონლაინმედიაზე, ეს არის ერთ-ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედიაორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“, რომლებსაც აქვთ ვებგვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით, არიან ვებგვერდიანი „ენჯეოები“, ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. მიკროფონიანი „ენჯეოები“ არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს ონლაინმედიის „დაფინანსების სქემის“ შეფასება სთხოვა. ბოლო დღეებში, ე.წ. სქემის შესახებ დეზინფორმაციული სიუჟეტები „იმედის“ ეთერში გავიდა. პროპაგანდისტული ტელეკომპანია მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ „ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე [იგულისხმება, მათ შორის, არაბულ კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტი - რედ.] ცრუ შეხედულების გავრცელებისა და ხელოვნური პროტესტის წასახალისებლად“ ონლაინმედიები მილიონობით ლარს იღებენ ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან. „იმედის“ თავდასხმის სამიზნე გახდა ის 22 მედიაორგანიზაცია, რომელმაც დაფინანსების მისაღებად რამდენიმე თვის წინ ერთობლივი კამპანია დაიწყო.
„გახსენით ნებისმიერი ამ ონლაინ ე.წ. მედიების ვებგვერდი და ნახეთ ვინ აფინანსებს. მალავენ თავის დამფინანსებლებს. რატომ მალავენ? იმიტომ, რომ ფაქტია, არიან ჩვეულებრივი პროპაგანდისტები, ბრიუსელის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები, რომლებიც მხოლოდ ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას ემსახურებიან“, – განაცხადა დღეს პაპუაშვილმა და განმარტა, რომ აქ მოიაზრებს „რადიო თავისუფლებასაც“, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსდება და რომელსაც მან „ბრიუსელის პროპაგანდისტული რუპორი უწოდა“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა, გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას - ის ხალხი, ის ბრიუსელი ცდილობს გვერდის ავლას, ჩვენ რომ გვუბნება, გვერდი არ აუაროთ რუსეთის მიმართ ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს და შეზღუდვებსო. და ჩვენს კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ თურმე, ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ ფული, რაღაც კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ...
ამხელა კრიმინალური ენერგიაა ჩადებული, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, მათ შორის, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე.
საქმე იმაშია, რომ დონორები უბიძგებენ აქ, ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს, რომ დაარღვიონ კანონი. გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ დონორების კარნახით არ დარეგისტრირდნენ, ხოლო ვინც დარეგისტრირდა იმას მერე ფულს არ აძლევენ. [...] მეორე – იგონებენ სქემებს როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ამ სქემის ნაწილია სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როდესაც ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე.
რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს, სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ ონლაინმედიებსა და კრიტიკულ ტელეკომპანიებს არაბულ „ინვესტიციასთან“ დაკავშირებული გაშუქებაც დაუწუნა და ისინი „ქსენოფობიის“ ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
22 ონლაინმედია აპირებს, პროპაგანდისტულ „იმედს“ დეზინფორმაციულ სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივლოს. ისინი ითხოვენ სიუჟეტში გაჟღერებული სიცრუის უარყოფას და ასევე, პირდაპირ ეთერს, რათა აბსურდულ ბრალდებებს უპასუხონ. ონლაინმედიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომელიც არსებობს „იგლ ჰილსის“ პროექტთან და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
