„ვწუხვართ რუსეთში და რუსეთიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილების გამო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა“, - ამბობს პიტერ სტანო, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ევროპული გზისა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, რაც საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან თანხვედრას გულისხმობს.
„სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან შარშან არსებული უკვე დაბალი 44%-დან წელს 31%-მდე შემცირდა. ასე რომ, ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა დღესაც გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირს და რიგ ქვეყნებს რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული - აკრძალულია ფრენები როგორც რუსეთიდან, ისე რუსეთის მიმართულებით.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 10 მაისიდან მოიხსნა რუსეთიდან საქართველოში ფრენების განხორციელებაზე რუსული ავიაკომპანიებისთვის 2019 წელს დაწესებული აკრძალვა. გარდა ამისა, პუტინმა სავიზო რეჟიმიც გააუქმა და 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა, 90 დღემდე ვადით, უვიზოდ შეუძლიათ.
მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი 19 მაისს არის დაგეგმილი და მას რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth Airlines) შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ კომპანიას კვირაში შვიდჯერ ფრენის ნებართვა მისცა. 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ, ყოველდღიურ რეისების განახორციელებს ქართული კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ (Georgian Airways).
უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა. მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობა აქვს, არასანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები კი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია.
ღარიბაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც პუტინის გადაწყვეტილება მორიგ პროვოკაციად მიაჩნია. მან მთავრობას რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებისკენაც მოუწოდა.
ამ თემაზე:
აშშ საქართველოს აეროპორტების კომპანიებს სანქცირების რისკის შესახებ აფრთხილებს