მოსკოვიდან შესრულებულ პირველ ავიარეისს თბილისის აეროპორტთან აქციით დახვდებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19 მაისს, როდესაც რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვიდან პირველ ფრენას შეასრულებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და აეროპორტთან ავტოკოლონით მივლენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხოშტარიას თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ეროვნული ინეტერესების ღალატი და ქვეყნის სუვერენიტეტზე დარტყმაა.

„ავიაკომპანია „აზიმუტი“ ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ აეროპორტში, აკრძალულია იმიტომ, რომ ის კომპანია აკეთებს იმ „სუ“-ს, იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბეს ჩვენი ქვეყანა, რომლებიც დღეს უკრაინას ბომბავენ, ხოცავენ ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნება, რომ არა, აკრძალულია შენი ფრენა. ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ. ასევე ეს არის ავიაკომპანია, რომლის ერთ-ერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი. ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ საქართველოში იფრინოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ავიაკომპანიას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი [ვებ-გვერდზე] უწერია როგორც ცალკე სახელმწიფოები, მითითებული აქვს, რომ აფხაზები და ოსები რუსული პასპორტებით უნდა დაფრინავდნენ, ანუ პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, ოკუპაციის კანონს. რა გააკეთა მთავრობამ? გარდა იმისა, რომ ნებართვა მისცა, რუსეთს დაუკავშირდა და სასწრაფოდ, ორ საათში მოხსნეს ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან?!“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ხოშტარიას თქმით, აეროპორტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეების მიზანი საქართველოს ხელისუფლების „მოღალატეობრივი გადაწყვეტილების“ გაპროტესტებაა და ისინი მგზავრებს არ ერჩიან:

„ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც გვაყენებს მორიგი პასუხისმგებლობის წინაშე. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა: 24 თებერვალს, როცა უკრაინას დავუდექით გვერდში, ივნისში, როდესაც ევროპული არჩევანი დავიცავით და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება და სუვერენიტეტი. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად, მშვიდად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება“.

„აზიმუტი“ (Azimuth Airlines) პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამომოსვლის განახლების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. სააგენტოში განმარტეს, რომ ავიაკომპანია არც აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია და არც ევროკავშირის შავ სიაში. უკრაინის ხელისუფლებამ „აზიმუტი“ 2022 წლის ოქტომბერში დაასანქცირა და სანქციების დაწესების საფუძველი შემდეგნაირად განმარტა: „კომპანია ოპერირებს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ (ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და სხვა) მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“.

„აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე კვირაში შვიდჯერ იფრენს. პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით 8:50 საათზე შესრულდება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე დაეშვება.

საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი - 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმის შემოღებაც მოითხოვა.

 

ამ თემაზე:

აშშ საქართველოს აეროპორტების კომპანიებს სანქცირების რისკის შესახებ აფრთხილებს

EU საქართველოს მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.