საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ვაჭრობის და მიმოსვლის გააქტიურების ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირება არასწორია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რამე შედეგი მოიტანა, მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ევროკავშირთან ასოცირება, უვიზო რეჟიმი - ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება. არაფერს არ შეექმნება საფრთხე. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაციაც, ჩვენი მოტივაციაც.
ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვარ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით. ამას დასჭირდება წლები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით, მთავრობა რუსეთთან ინტეგრაციას ცდილობს, თუ ევროკავშირთან, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:
„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას.
დღეს ქვეყანა მდიდრდება, გესმით თქვენ? ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარები. ყველაფერი ეს საიდან შევძელით? შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად.
რამდენიმე ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა, ბოლო ორი წელი ზედმიწევნით. სხვათა შორის, ომამდეც იყო 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი თანდათანობით აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მთავარი მინდა გითხრათ, გასაგებია, რომ ევროპას ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგყვებით ამ პოლიტიკაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ არც NATO-ს წევრი, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ ოკუპირებული - 20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი თქვენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს და მუშაობას. ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს“.
ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი წუხს, რუსეთიდან ფრენების განახლების გამო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ევროპული გზისა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, რაც საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან თანხვედრას გულისხმობს.
„სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან შარშან არსებული უკვე დაბალი 44%-დან წელს 31%-მდე შემცირდა. ასე რომ, ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა პიტერ სტანომ 16 მაისს.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელიც 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი იყო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით განახლდა. მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი რუსულმა კომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა. გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.