„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამერიკული „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარებით. საქმე ეხება 3 მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტს - „საქართველოს ირანული შემობრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება“, რომლის ავტორებიც ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
კალაძის განცხადებით, კვლევა, რომელიც საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერებას აღწერს, არის „ტყუილი და ცილისწამება“, ხოლო მისი ავტორები „ჩვეულებრივი მოღალატეები“. მერის თქმით, რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე, მსგავსი ანგარიშები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დივერსიაა და აზიანებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.
„არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება. ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა და შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“, – განაცხადა კალაძემ.
„ჰადსონის ინსტიტუტის“ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ირანისკენ შებრუნება აშკარად გამოხატულია მთავრობის უმაღლეს ეშელონებში. კერძოდ, ავტორები აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძე 2024 წელს ორჯერ ეწვია ირანს - პირველად ყოფილი პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად, შემდეგ კი პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე.
2025 წელს კი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სოლიდარობა გამოუცხადა თეირანს ირანის საელჩოში ვიზიტით და აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთებით.
დოკუმენტის მიხედვით, „ისლამური რესპუბლიკის შეღწევა საქართველოში განზრახ, ორგანიზებული და ყოვლისმომცველია. ის განსაკუთრებით ფოკუსირებულია ქვეყნის ეთნიკურ აზერბაიჯანელ შიიტ უმცირესობაზე“.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში, ღიად მოქმედებენ ირანული რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომლებიც „ხელს უწყობენ თეირანთან დაკავშირებულ რელიგიურ დოქტრინებს, ქმნიან ლოიალურ სასულიერო ქსელებს და რელიგიური განათლების საფარქვეშ იდეოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფენ“.
ანგარიშის თანახმად, თბილისი რუსულ სტრატეგიულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს ირანის მიმართულებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევს, რაც, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, სამხედრო მარაგების გადაზიდვას ემსახურებოდეს, რომელიც ირანის რეჟიმს შიდა არეულობის პერიოდებში ეხმარებოდა.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს, რომ ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენა საქართველოში, განსაკუთრებით მის აზერბაიჯანულ უმცირესობაში, რეგიონული არასტაბილურობის გრძელვადიან წყაროს წარმოადგენს, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანისთვის.
მანამდე, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან თავდასხმისა და მუქარის ობიექტი გახდა თინა ხიდაშელიც, რომლის ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ კვლევით, 2022-2025 წლებში საქართველოში ირანული ნავთობპროდუქტების იმპორტი 72-მა კომპანიამ განახორციელა. აღნიშნული კომპანიების ნაწილი მმართველი პარტიის შემომწირველებთან და პარლამენტის წევრებთან არის დაკავშირებული. კალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი კვლევებით აშშ-საქართველოს პარტნიორობა ზიანდება და „მტერს არ ესიამოვნება, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“.
