თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს, „ქვეყნის ღალატსა“ და „ტერორიზმში“ ადანაშაულებს - დაპირისპირების მიზეზი ირანული სანქციების გვერდის ავლის სქემებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
კალაძის განცხადებით, ხიდაშელი და მისი ორგანიზაცია „მტრულ საქმიანობაში“ შემჩნეული დაქირავებული ადამიანები არიან, რომელთა ცრუ განცხადებები ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მერმა შესაბამის უწყებებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ეს არის ქვეყნის ღალატი. მე ვფიქრობ,
შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ამ ტიპის ცრუ განცხადებები საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ყველაზე დიდი ტერორისტები ეს ადამიანები არიან, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს.
აი, ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს. ყველას, არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება, თუ ვინც ქვეყნის მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული...“, - განაცხადა კალაძემ.
მერის ეს რეაქცია მოჰყვა ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას „საქართველო ირანისთვის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა“. სტატია ეყრდნობა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ კვლევას: „ირანული ნავთობის კვალდაკვალ - იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში“.
კვლევის მიხედვით, 2022 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში 72-მა კომპანიამ შემოიტანა ირანული ნავთობპროდუქტები, მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ დონორებთან, სახელმწიფო ტენდერებთან და ყოფილ დეპუტატებთან დაკავშირებული პირები. აღსანიშნავია, რომ
ირანთან ვაჭრობა 2012 წლის შემდეგ გასამმაგდა და ირანული კომპანიების რაოდენობამ 13,000-ს მიაღწია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის თანახმად, ირანული საკონსულტაციო ფირმები კლიენტებს ღიად ასწავლიან, როგორ დაარეგისტრირონ კომპანიები საქართველოს პორტებთან ახლოს და როგორ შეუცვალონ საქონელს მარკირება „დამზადებულია საქართველოში“, რათა დაფარონ პროდუქციის ირანული წარმომავლობა და თავი აარიდონ სანქციებს.
თავის მხრივ, თინა ხიდაშელმა თქვა, რომ კალაძის მუქარების არ ეშინია და მისი მთავარი საზრუნავი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებია. მან ვრცლად ისაუბრა გარდაბანში მოქმედ „ალ-მუსტაფას უნივერსიტეტზე“, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია იდეოლოგიური რეკრუტირებისა და „გუშაგთა არმიისთვის“ კადრების მომზადების გამო. ხიდაშელის თქმით, არსებობს ფოტომასალა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე ირანში ალი ხამენეის და ამავე სასწავლებლის ხელმძღვანელობას ხვდება. ყოფილმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ
ეს დაწესებულება საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს და აშშ-ის მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ უჯრედად, რომელიც ისლამური რესპუბლიკის რადიკალური რელიგიურ-პოლიტიკური იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, ხიდაშელის ეს განცხადება სიცრუედ და დანაშაულად შეაფასა. მისი თქმით, გარდაბანში არსებული სივრცე მხოლოდ 100 კვადრატული მეტრის ფართობისაა, სადაც ახალგაზრდები მხოლოდ ყურანს სწავლობენ.
მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, The Hill-ის სტატიის ავტორი ასკვნის, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც რეგიონში ამერიკის უახლოესი პარტნიორი იყო, ახლა მტრული ძალების გავლენებისთვის ხელსაყრელ ჰაბად იქცევა. ამ კონტექსტში ავტორი ყურადღებას ამახვილებს თბილისსა და თეირანს შორის გააქტიურებულ პოლიტიკურ კავშირებზეც. კერძოდ, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორჯერ ეწვია ირანს: ჯერ ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, სადაც ის „ჰამასის“, „ჰეზბოლას“, „თალიბანისა“ და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობის საფუძველზე ავტორი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა თბილისს მკაფიოდ უნდა აჩვენოს - ასეთ ქმედებებს მკაცრი შედეგები მოჰყვება.
