თბილისის მერმა კახა კალაძემ გაათავისუფლა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, შშმ პირი გიგა სოფრომაძე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო აკრიტიკებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კალაძის ბრძანების მიხედვით, სოფრომაძეს შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შეუწყდება, მისი გათავისუფლების საფუძველი კი საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშილის მიმართვა გახდა, საიდანაც ირკვევა, რომ გიგა სოფრომაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო და მის მიერ ძირითადი ფუნქციის - შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება მერიას აღარ სჭირდება.
„სამართლებრივი კუთხით სრული აბსურდია ის, რაც გათავისუფლების საფუძვლად არის გამოყენებული, ანუ, თითქოს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამებს უკვე ჰყავთ კოორდინატორები და ჩემი ფუნქცია აღარ არის საჭირო. თუმცა, ამ 8-წლიანი მუშაობის პერიოდში ზუსტად იგივე რაოდენობის კოორდინატორები ჰყავს შშმ პირთა პროგრამებს, რაც მე რომ სამსახურში მოვედი, მაშინ იყო.
გათავისუფლების რეალური მიზეზი არის ის აქტივობა, რასაც მე და სხვა საჯარო მოსამსახურეები ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დავიქსირებთ“, - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.
სოფრომაძე ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი იყო იმ საჯარო მოსამსახურეებს შორის, ვინც 25 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებელი პროფკავშირის დაფუძნების მიზნით მიმართა. კახა კალაძის გადაწყვეტილების შესახებ გიგა სოფრომაძემ 26 დეკემბერს შეიტყო.
თბილისის მერმა უარყო, რომ თანამშრომელი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა და კრიტიკას „სპეკულაცია“ უწოდა.
„ის არ იყო შტატში როგორც თანამშრომელი, ის იყო ხელშეკრულებით. ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე და დღეს ყველა პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და ახლის გაგრძელების საჭიროება არ იყო დღის წესრიგში“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე არაერთხელ დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ და 30 ნოემბერს შედგენილ პეტიციას მოაწერეს ხელი. კალაძემ ისინი საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა: „მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“. პეტიციის ხელმომწერებს შორის გიგა სოფრომაძე პირველი იყო.