თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი მეგობარია შერეული საბრძოლო ხელოვნების, MMA-ს მებრძოლი და რამზან კადიროვთან დაახლოებული ჩეჩენი სპორტსმენი ხამზატ ჩიმაევი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიაში უმასპინძლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
როგორც კალაძემ თქვა, მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს.
„ხამზატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენია. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ზოგადად, მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ჩიმაევი საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა და „მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა“.
„ჩვენ განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები“, - თქვა კალაძემ.
ხამზატ ჩიმაევის საქართველოში ყოფნის შესახებ საზოგადოებისთვის 23 დეკემბერს გახდა ცნობილი, როდესაც ჩეჩენმა სპორტმენმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოებზე ის თბილისის მერიის შენობაში, კახა კალაძესთან და MMA-ს ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძესთან ერთად პოზირებს. „საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის“, - დაწერა ჩიმაევმა.
კახა კალაძის გარდა, თბილისში ჩიმაევს შეხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური. პეტრიაშვილი არალეგიტიმურ პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ავტორიტარი ლიდერის ახლო მეგობარია. მის Instagram-ზე ხშირად გვხვდება როგორც რამზან კადიროვთან, ისე მის შვილებთან გადაღებული ფოტოები.
ხამზატ ჩიმაევი, მეტსახელად „ბორძი“ (ჩეჩნურ ენაზე ნიშნავს „მგელს“), 1994 წელს ჩეჩნეთში დაიბადა, 18 წლის ასაკში კი, დედასთან და ძმასთან ერთად, საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, სადაც MMA-ს კლუბ All Star-ში ვარჯიშობდა. 2022 წელს მან უარი თქვა შვედეთის მოქალაქეობაზე და ახლა „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე“ (UFC) არაბეთის გაერთიანებულ საემიროების სახელით გამოდის.
ჩიმაევი რეგულარულად ჩადის ჩეჩნეთში. 2022 წელს მან ქორწილი გროზნოში გადაიხადა. საზეიმო ღონისძიების მთავარი სტუმარი ჩეჩნეთის ლიდერი იყო.
2023 წლის სექტემბერში, ჩიმაევმა რამზან კადიროვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მებრძოლთა კლუბ „ახმატს“ წარმოადგენს. აღნიშნული კლუბი კადიროვმა 2014 წელს დააფუძნა.
„ეს ადამიანი დამეხმარა, ცხოვრებას დავბრუნებოდი. არა მხოლოდ მე - მთელ ჩეჩენ ხალხს. მინდა მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა და აკეთებს ჩვენი ხალხისთვის“, - წერდა ჩიმაევი Instagram-ზე.
