„არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო - მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“ - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მინდა სალომე ზურაბიშვილს მივულოცო, რომ მან ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. ამავე დროს, Le Monde-ი თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა შეწყალების უფლება. ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის ბოლო თვეების განმავლობაში შეხვდა.
არ მინდა ზელენსკისგან, მაკრონისგან, სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ვინც ამისკენ მოუწოდებს, ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო. ის ამბობს, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ მხნედ, საბოლოოდ ვირწმუნე, რომ ჩვენს ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს მეტ ძალას. მინდა ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება, ამიტომ, რა თქმა უნდა სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მე არ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების. საქმე ისაა, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიასო. მე და ქალბატონი სალომე, ორივე ვსწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში. არა მგონია, კოლუმბიის უნივერსიტეტში მისთვის ვინმეს ესწავლებინა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთ-ერთი ფორმაა გალიიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება. როცა ის ამბობს, რომ კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნაო, ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე. დანარჩენები ორ საქმესაც აღძრავენ და 30-საც, მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქის და რუსეთში მისი პატრონების პასუხისმგებლობა. რატომ იღებთ თქვენ თავზე ამის პასუხისმგებლობას, მითუმეტეს, რომ გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ. გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება პრეზიდენტობისთვის კულტურის მოქმედ მინისტრს თეა წულუკიანს, პრემიერ-მინისტრობისთვის კი თბილისის მოქმედ მერს კახა კალაძეს ამზადებს: „წულუკიანი სჭირდებათ იმისთვის, რომ არასოდეს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით. რა თქმა უნდა, თქვენც გემუქრებიან პატიმრობით, როცა დასჭირდებათ. კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით „გაზპრომის“ კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო“.
სხდომაზე სააკაშვილმა ილაპარაკა იმაზეც, რომ შესაძლოა, ის დაასახელონ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
„ჯერ არის ძალიან ადრე, ჩემო მეგობრებო. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად ბევრი ხალხისთვის მისაღები, რადგან ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ - პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა სიაში მყოფ ადამიანებს“, - თქვა მესამე პრეზიდენტმა დისტანციური ჩართვისას.
რამდენიმე დღის წინ ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს, რისკენაც მას ევროპარლამენტმა მოუწოდა: „გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს“.
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. მესამე პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.