თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი გიორგი მიქაძე და კიდევ ორი პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ“, - განაცხადა სირაძემ.
გამოძიებით ვერსიით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე, დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.
“დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს. დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ.მ.-სა და დ.მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.
გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.
საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.
ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე წარსულში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების, მათი არსებობის შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
მოსკოვიდან თბილისში ჩამოსული 58 წლის ბიზნესმენი, ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, გვიან ღამით, იმ დროს მოკლეს, როდესაც თანმხლებ მამაკაცთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებოდა. რამდენიმე დღეში პოლიციამ გელა უძილაური დააკავა. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
