„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მოწამლეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ დაახლოებით 4-5 თვის წინ მოწამლეს და ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოსაყვანად მკურნალობას გადის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს ნივთერებები ძირითადად იწვევს ზემოქმედებას ნერვულ სისტემაზე და შინაგან ორგანოებზე. გარკვეულწილად დაზიანებები არის, მაგრამ რეაბილიტაციას ექვემდებარება. რაც მთავარია, ამან არ იმოქმედა ბრძოლისუნარიანობაზე და ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. თავიდანვე არ მოხდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა. უკრაინაში ასეთი ტესტის გაკეთების შესაძლებლობა არ არის, ნიმუშები გერმანიაში გაიგზავნა, საიდანაც სულ ახლახანს ჩამოვიდა დასკვნა, როდესაც მოწამვლის მონაცემები უკვე დაწეული იყო. სისხლიდან მძიმე მეტალების გამოსაყვანად მკურნალობა დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდება.

ეს ჩემი მოწამვლის პირველი მცდელობა არ არის. იგივე ნივთიერებით უკვე ორჯერ ვიყავი მოწამლული და სავარაუდოდ, ორგანიზმმა გამოიმუშავა ანტიდოტი, რადგან ამჯერად ბევრად უფრო ადვილად გადავიტანე, ვიდრე პირველ შემთხვევებში“, - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

„ქართული ლეგიონის“ დამფუძნებლის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება, სავარაუდოდ, საკვებიდან მოხვდა. მამუკა მამულაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე საუბრობს:

„უკრაინის სამხედრო პროკურატურამ და რამდენიმე სტრუქტურამ საქმე აღძრეს, თუმცა, ალბათ, საკმაოდ რთული იქნება გარკვევა, ვინ გააკეთა ეს. შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ლეგიონში“ რუსეთის დავალებით არაერთი ქართველი იგზავნება როგორც რეკრუტი და დიდი ალბათობით, შეიძლება მოხდა მათი ხელით. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც დღეს რუსეთთან თანამშრომლობს, აგზავნიდეს ადამიანებს, ვისაც ევალებათ ასეთი რაღაცის შესრულება“.

ამ საკითხზე „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. კობა ხაბაზის თქმით, მამუკა მამულაშვილის სხიხლში საგანგაშოდ იყო გაზრდილი ვერცხლისწყლის, დარიშხნისა და ტყვიის მაჩვენებლები. „უკრაინის უშიშროების სამსახურებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამის დამკვეთი რუსეთია, რადგან „ქართული ლეგიონი“ და მუმუკა მამულაშვილი წლებია ყელზე  ადგათ ოკუპანტებს“, - აღნიშნა ხაბაზმა.

რუსეთს მამუკა მამულაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტი მას უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას, ასევე, „ქართული ლეგიონის“ და სხვა უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობაში საქართველოს სულ მცირე 24 მოქალაქის ჩართვას ედავება. თებერვლის ბოლოს, მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. „ქართული ლეგიონი“, რომელიც მამულაშვილმა 2014 წელს დააფუძნა, 2016 წლიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია. რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული ლეგიონის სხვა წევრებზეც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).