„ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, „დამხობის მცდელობა“ დაგმოს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, საქართველოში „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“ დაგმოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ უკვე მეოთხე დღეა, პრეზიდენტის სასახლეზე „ძალადობრივი შტურმი“ არ დაუგმია „არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს“, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის „კონკრეტულ ქვეყნებს“.

„დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება. [...]

ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ეს არის ჩვენი მოწოდება. თუ სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ა.შ. ეს უნდა დაამტკიცონ ქმედითი ნაბიჯებით და პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა მკაფიოდ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

იყო გაორებული განცხადებები თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა პრეზიდენტ ყაველაშვილს ერთ-ერთი დღესასწაული, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ზოგადი განცხადება, სადაც საუბრობდა არა ხელისუფლებაზე, არამედ ხალხზეც.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ მოქმედებს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებთან დახურულ ფორმატში გამოთქვეს „შეშფოთება კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით“.

„ველოდებით რეაგირებას. რაც შეეხება საჯარო რეაგირებას, ყველაზე მკაფიო საჯარო რეაგირება, რაც ქართველ ხალხს დაუდასტურებდა, რომ არ არსებობს ასეთი ინტერესი, რომ ქვეყანაში მოაწყოს ვინმემ არეულობა, იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საჯაროდ დაგმობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ეს განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებას მოჰყვა.

ამასთან, კობახიძე ირწმუნება, რომ „დაბარება“ დიპლომატიური ზომაა, რაც ტალიაშვილის შემთხვევაში არ გამოუყენებიათ. „ჩვენს ელჩს სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განიხილეს კონკრეტული საკითხები“, - აღნიშნა მან.

1-ელ სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში „რადიკალ რევოლუციონერებს“ აფინანსებს და ამას ტაილანდიდან აკეთებს. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. ირაკლი კობახიძემ დღესაც გაიმეორა, რომ „არიან კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რევოლუციურ პროცესებში“, ხოლო „წყარო არის ბანგკოკი, ანუ ამერიკული წყაროა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.