„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღებს ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონს. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო, ტექსტი იქნება იგივე, მხოლოდ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „სამოქალაქო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და 2020-2022 წლებში სწორედ ამან მისცა მათ საშუალება რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მოქცეულიყვნენ, გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. „პივიტის“) შედეგები. მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს. ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო.
წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ „ენჯეოებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ.
გარდა ამისა, „ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. „ლგბტ“-პროპაგანდაში; კამპანიებში, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა; საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში; საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ა.შ“, - განაცხადა მდინარაძემ და ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტებად მოიხსენია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგები.
რუსული კანონი, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა და რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგ, იმავე დღეს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა რუსული კანონის გაუქმება მოითხოვეს. მთავრობამ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია. მრავალათასიანი აქცია გაიმართა 8 მარტსაც, რომელიც ხელისუფლებამ ისევ დაარბია. სპეცრაზმი დემონსტრანტებს მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დასდევდა, აკავებდნენ და სცემდნენ მათ. სასტიკი დარბევების შემდეგ მომიტინგეებმა დაამტვრიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანები და ცეცხლი წაუკიდეს. დაშავდა აქციის არაერთი მონაწილე, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა პოლიციის მხრიდან დარბევის დროს მხედველობა დაკარგა.
ძლიერი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.