„ქართული ოცნება“ აპირებს არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანებას შეისწავლის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კომისიის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება „დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული.
საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას“, - განაცხადა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
იმავდროულად, მამუკა მდინარაძის თქმით, 2003-2012 წლების „რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების“ შესახებ ფართოდ არის ცნობილი.
„ესენია: პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა; კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით; კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.
დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.
2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს პირდებოდა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვების შემთხვევაში, წამოიწყებდა სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია“ აიკრძალებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და ერთპარტიულად, 89 წევრით, არალეგიტიმურად შეიკრიბა მე-11 მოწვევის პარლამენტში. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტს არალეგიტიმურად აცხადებენ არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, ასევე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, თვეზე მეტია უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.