პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ახალი კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარალამენტო არჩევნებამდე წარედგინება, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ კი, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პაპუაშვილის განმარტებით, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.
„სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლიბის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციების ლიდერების მიერ, საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, „ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს“.
„ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.
როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.
არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ.
კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირაში ევროპაში იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და შეხვდა საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს.
„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენება ერთი წლის წინაც სცადა, თუმცა ამ საკითხს მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდებოდა, რაც მმართველმა პარტიამ მეათე მოწვევის პარლამენტში ვერ მოაგროვა.