პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. კენჭისყრის წინ რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მათგან მხარი 86-მა დაუჭირა, ერთი - ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„რომც არ დასრულდეს წარმატებით ეს პროცედურა - ყველას გვესმის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და შესაბამისად, არ მიიღებს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე. სწორედ მათი იმედით არღვევდა ის საქართველოს კონსტიტუციას - ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის დარჩება მაინც არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. ასეთ პირობებში მის პრეზიდენტობას რა ფასი აქვს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ“, - განაცხადა კენჭისყრამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
თავად სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცესით „ქართული ოცნება“ ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს.
„ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა... ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას... სია შემიძლია გავაგრძელო... ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას. ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია,
დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ;
ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებით კონსტიტუცია დაარღვია.
პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პრეზიდენტს შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა: „ხვალაც დაარღვევს, რა შეუშლის ხელს? „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლისსამართლებრივი გამოძიება“.
კობახიძის ამ მინიშნებას პრეზიდენტმაც უპასუხა: „როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო? ისე, როგორც თავის დროზე, გავიყავნე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.