ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ტელეფონში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ აღმოჩნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ამის შესახებ დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი. ერთ-ერთმა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ექსპერტიზის დასკვნა საქმეს დაერთოს.
„დღეს სახელმწიფო ბრალდებას მოუწია, წარმოედგინა დასკვნა მზიას ტელეფონზე, სადაც იანვრის შემდეგ ეძებენ „დიფ სთეითს“, ეძებენ კვალს იმისას, რომ მზიამ ტელეფონზე მიიღო დავალებები, მოქმედებდა ინსტრუქციით და მაინც და მაინც დგებუაძეს უნდა დასხმოდა თავს. საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ მის ტელეფონში ვერაფერი ვერ მოიძებნა, რაც საინტერესო იქნებოდა გამოძიებისთვის. შესაბამისად, არანაირი დავალება, „დიფ სთეითი“, შეკვეთა, უცხოური აგენტურა, ა.შ. არ დადასტურდა. „დიფ სთეითი“ ვერ აღმოჩნდა“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონზე ექსპერტიზა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დანიშნა. 4 მარტის პროცესზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში იდო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ვლადიმერ ჩიტაიას 15 თებერვლით დათარიღებული პატაკი, სადაც ის წერს, თითქოს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე „თავდასხმა“ დაგეგმილი ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით ინსტრუქციებს ტელეფონით იღებდა. მოგვიანებით, პროკურატურამ ვლადიმერ ჩიტაია მოწმეთა სიიდან ჩახსნა.
„ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელს არაერთხელ დასწამეს ცილი და თქვეს, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი „კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა“. ამ განცხადებების გამო მზია ამაღლობელმა მათ სასამართლოშიც უჩივლა.
მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს. 6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის მიღებას ითხოვს. მოსამართლე ნინო სახელაშვილის განაჩენი პროკურატურასაც აქვს გასაჩივრებული. ბრალდების მხარის მოთხოვნაა კვალიფიკაციის შეცვლა და მზია ამაღლობელის დამნაშავედ ცნობა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომელიც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოში შემდეგი სხდომა 18 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
