ბათუმის საქალაქო სასამართლომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება 4 მარტს გამართულ პროცესზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო. საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
სანქცირებული პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან „არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, რის გამოც აუცილებელი იყო მისი პატიმრობაში დატოვება. ადვოკატები პატიმრობის გაუქმებას და მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის გარდა, სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზეც იმსჯელა. როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ ბრალდებული დაცვის უფლების გარეშე დატოვა, რადგან საქმიდან ამოიღო მათ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეოკადრები.
„ეშინიათ კადრების, სადაც ჩანს, გრიგოლ ბესელია როგორ აკავებს მზია ამაღლობელს იმიტომ, რომ ყალბ ოქმზე ილაპარაკონ. ეშინიათ კადრის, სადაც ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძეს სახეზე არაფერი არ აქვს მიტომ, რომ ილაპარაკონ ყალბ ჩვენებებზე, თითქოს მას ლოყა გაუწითლდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში დევს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ვლადიმერ ჩიტაიას 15 თებერვლით დათარიღებული პატაკი, სადაც ის წერს, თითქოს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე „თავდასხმა“ დაგეგმილი ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით ინსტრუქციებს ტელეფონით იღებდა. აღნიშნული პატაკის საფუძველზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოითხოვა.
მზია ამაღლობელი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. „საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ, მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
დაცვის მხარე მოსამართლე მეტრეველის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, სამმართველოს შენობის ღობეზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“ - გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ დასახელებული ერთ-ერთი გარემოება, რაც მოსამართლემ გაიზიარა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე იყო. ამ საფრთხის შეფასებისას ის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმს დაეყრდონო, რომელიც, ადვოკატების მტკიცებით, გაყალბებულია.
კერძოდ, პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, 11 იანვარს, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელს აკავებენ მას შემდეგ, რაც ღობეზე სტიკერი გააკრა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა არ არის, რის გამოც პოლიციამ ოქმი გააყალბა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციისთვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ამასთან, ოქმში მითითებულია, თითქოს მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძემ დააკავა, მაშინ, როდესაც ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ დამკავებელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელიაა.
