ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

არქივის ფოტო / © OC Media

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის მიღებას ითხოვს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე ნინო სახელაშვილის განაჩენი პროკურატურასაც აქვს გასაჩივრებული. ბრალდების მხარის მოთხოვნაა კვალიფიკაციის შეცვლა და მზია ამაღლობელის დამნაშავედ ცნობა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომელიც  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია ნიკოლოზ მარგველაშვილის (თავმჯდომარე), მარინა სირაძისა და ნანა ჯოხაძის შემადგენლობით. მარინა სირაძეm, რომელიც 2012 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა, ხოლო 2019 წლიდან თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული, იურისტის კვალიფიკაცია რუსეთში, კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, 1982-1991 წლებში კი ის კრასნოიარსკის შინაგან საქმეთა სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში უფროსი ინსპექტორი იყო.

დღეს, 11 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე, მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმეს დართვოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში მზია ამაღლობელისთვის გადაცემული საერთაშორისო ჯილდოების შესახებ, ასევე, ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის კვალიფიკაციას ეხებოდა. გარდა იმისა, რომ ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის სპეციალიზაცია არ აქვს, სადავოა ისიც, გააჩნია თუ არა სამართალმცოდნის დიპლომი.

„დიპლომის სახელწოდებით ვერ მიხვდებით, აქვს თუ არა მას სამართლებრივი განათლება. დღემდე არც ტექნიკური უნივერსიტეტი გვაძლევს პასუხს და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვაძლევს მისი დიპლომების ასლებს“, - განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატმა განმარტა, რომ თუ საქმე სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას აქვს განხილული, ეს განაჩენის გაუქმების საფუძველია.

საჯაროდ გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ნინო სახელაშვილმა 2010 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა დაამთავრა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა თქვა, რომ კოლეგის კვალიფიკაციაში „ვერ შევიდოდა“ და ეს საკითხი განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში არაა.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, დღევანდელი სხდომა დიდ დარბაზში ჩატარებულიყო, რათა მზია ამაღლობელის კოლეგებსა და მეგობრებს პროცესზე დასწრება შესძლებოდათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელს უფლება მისცა, ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო. დღეს ამაღლობელმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

„ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვნის გამო დამნაშავედ მცნო. მოსამართლე სახელაშვილმა 2 წლით გამიშვა ციხეში.

ალბათ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც პროკურატურა მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ.

ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან - არც ბრალდებას და არც მოსამართლეს.

ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს.

უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია. არ უნდა შევეგუოთ. აქაც იმიტომ ვარ, ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

საქმეზე შემდეგი სხდომები 14 და 18 ნოემბერს ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს. 6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.