სახაროვის პრემიის მინიჭების გამო პაპუაშვილი და კობახიძე მზია ამაღლობელს თავს ესხმიან

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მორიგ ჯერზე დაესხნენ თავს ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. ამჯერად საბაბი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისთვის ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გადაცემა გახდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არად დაგიდევენ, ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე“, – განაცხადა პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საბჭოთა ფიზიკოსი და პოლიტიკური დისიდენტი ანდრეი სახაროვი, ვის სახელსაც ევროპარლამენტის მიერ დაწესებული პრემია ატარებს, რუსი იყო.

„[სახაროვი] ჩვენ „მცირე იმპერიას“ გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა“, – თქვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას“. ციხეში მოკლულმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ საქართველოსა და ქართველების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

„სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის დაჯილდოებას „კრიმინალის წახალისება“ უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ტყუილი ჟურნალისტის შესახებ:

„მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას. ეს არის რეალურად, რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს“.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო - სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მზია ამაღლობელმა ასევე პატიმრობაში მყოფ ბელარუს ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები“. გერმანიის მთავრობა ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

მზია ამაღლობელი უკვე მე-10 თვეა, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ის 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მზია ამაღლობელი უკვე 273 დღეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებდა, რომ „ლოყა ეტკინა“.

„ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

საქმის განხილვა „ქართული ოცნების“ ლიდერების დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ.

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ეს არ გააკეთა და ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. კერძოდ, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ივნისის ბოლოს სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.