ნავალნი ქართველებს ბოდიშს უხდის და ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც 9-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა. მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო და საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნავალნის თქმით, სააკაშვილს არ იცნობს, არასოდეს შეხვედრია, ისევე როგორც არ იცნობს არავის მისი გუნდიდან.

„ამის დაწერა ჩემთვის არავის უთხოვია. ქართულ პოლიტიკაში კარგად ვერ ვერკვევი და შესაძლოა რამე არასწორად ვთქვა. ჩემდა სამარცხვინოდ, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში იბომბებოდა, 2008 წელს დავწერე პოსტი ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტის გამოყენებით. ამისთვის ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამის გამო საქართველოში ჩემს აზრს არც ისე დიდი წონა აქვს. ამის მიუხედავად, როგორც ადამიანმა და ქრისტიანმა მაინც გადავწყვიტე დაწერა, რადგან ამის ყურება მძიმეა. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება, რაც ხდება მთელი საქართველოსთვის ცუდია და ისინიც კი არ გრძნობენ თავს კარგად, ვინც სიცოცხლის ბოლომდე სააკაშვილის ციხეში ყოფნას ისურვებდნენ.

მე მწამს საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ აყვავდეს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არ არის ის?) მშვიდობიანად და წარმატებით გადაწყდება. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა და წამება არის საშინელება და შეუბრალებლობა. ის დარტყმას აყენებს ევროპულ მომავალს, განვითარებას, ამცირებს ნორმალური მომავლის შანსს, ადაბლებს მორალს და ქვეყანას ბოროტებით ავსებს.

გასაგებია, რომ ეს სასტიკი და ემოციებით სავსე დაპირისპირებაა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვლის მოწინააღმდეგეებს აქვთ გასახსენებელი და ის, რის გამოც შურისძიება სურთ. სწორედ ამის შესახებ მინდა ვთქვა და მოვუწოდო, თუ ვინმე გაიგებს. შურისძიება საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი დიდია. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს ჩიხია, სტრატეგიულად ყველასთვის წამგებიანი, სასტიკი გადაწყვეტილება“, - წერს რუსი ოპოზიციონერი.

ნავალნი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გამოშვება განაჩენის გადავადებით ან რამე მსგავსის გაკეთება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, კანონი დაიცვან და სახე შეინარჩუნონ.

„სააკაშვილი მძიმედაა ავად და საუბრები სიმულაციის შესახებ, სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ჯანმრთელობას ართმევს ნებისმიერს და თან დიდი სისწრაფით.

ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი აღდგომა. კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე საქციელისთვის და ერის შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგან ეს ნაბიჯი ქრისტიანული მოწყალების და მშვიდობისმყოფელობის სულისკვეთებით. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“, - ამბობს ნავალნი.

2008 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს ამართლებდა. 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ის წერდა, რომ რუსეთს შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაედგა: ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის აღმოეჩინა სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ფრენებისთვის დახურულ ზონად გამოეცხადებინა და დაუყოვნებლივ ჩამოეგდო იმ ზონაში შესული ყველა თვითმფრინავი, გამოეცხადებინა საქარველოს სრული ბლოკადა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გაეძევებინა იქ მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე.

„მომავალში, მოქმედება სიტუაციის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს იმის გათვალისწინებით, რომ, რა თქმა უნდა, მღრღნელების გენშტაბისთვის რაკეტის სროლის დიდი სურვილი კი არის, მაგრამ მღრღნელები მხოლოდ ამას ელიან“, - წერდა ნავლნი.

2013 წელს ნავალნიმ აღიარა, რომ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას ნანობდა.

46 წლის ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება. 2020 წელს ის საბჭოთა წარმოების ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რაშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. ციხეში ყოფნის პერიოდში, რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა. პოლიტიკოსის თანამოაზრეების უმეტესობა იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).