სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევა რომ დაედგინათ, 9 მოსამართლიდან საკმარისი იყო 6-ის თანხმობა.

„საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.

დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება.

„დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს.

სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან.

გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“, - განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის 100 წევრის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს და ამ პროცესს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.