„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავისუფლების მოედნიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მიუსაფარი ძაღლები გაიყვანა. ერთ-ერთი, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, არასამთავრობო ორგანიზაცია „Animal Project - პროექტი ცხოველებისთვის“ დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძეა. მისი თქმით, ძაღლები მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„იქნებ აგვიხსნათ, რა პროტოკოლია? სად აჩერებთ და როდის აბრუნებთ? როგორ უზრუნველყოფთ, რომ თქვენს ბანძ თავშესაფარში ჭირს არ აიკიდებენ? თუ ცხოველებზე და მათ სტრესზე ზრუნავთ, 20 ოქტომბერს რატომ არ იზრუნეთ და წაიყვანეთ? ან ცრემლსადენი გაზის დროს სად იყავით, ჩვენ რომ ვასულიერებდით ძაღლებს?“, - დაწერა აქტივისტმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლის ფოტო Facebook-ზე ტონი ვაჭარაძემ გაავრცელა. „მთელი რუსთაველი და თავისუფლება გაასუფთავეს ქუჩის ძაღლებისგან. ჩამოყრიან საწყლებს სადღაც ფონიჭალაში და ზაჰესთან და ვერასოდეს მოაგნებენ იმ ადგილებს, სადაც მიჩვეულნი არიან არსებობას. დიდი ალბათობით დაიხოცებიან კიდე. რა საჭირო იყო? ვის რას დაუშავებდნენ?“, - წერს ის.
ამ ფაქტს ასევე Facebook-ში გამოეხმაურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარიც: „კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყვიტეთ ძაღლების უკანონო დაპატიმრება და წამება, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ და დააბრუნეთ უკან, მიკედლების ადგილას. გვიჩნდება კითხვა, იგივე ღონისძიება რატომ არ ჩაატარეთ ოპოზიციის გრანდიოზული აქციის დროს? მაშინ რატომ არ გაიყვანეთ მიკედლებული ძაღლები ამ ტერიტორიიდან? თქვენი ამ უკანონო ქმედებით ხომ ადასტურებთ იმას, რომ „ქოცებს“ ეზიზღებათ ქუჩის ძაღლები?!“.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, რომელიც თბილისის მერიას ექვემდებარება, აცხადებენ, რომ ძაღლები მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანეს და ამას მათზე ზრუნვით ხსნიან.
„თავისუფლების მოედნიდან მუნიციპალურ თაშესაფარში გადაყვანილია რამდენიმე აქ ბინადარი ცუგა. ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან“, - განაცხადეს სააგენტოში. მათივე თქმით, საარჩევნო „ქართული ოცნების“ ღონისძიების დასრულებისთანავე, ძაღლბს უკან დააბრუნებენ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, სხვა აქციების წინ რატომ არ ხდება მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მიიღებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ღონისძიებისთვის მზადება ერთი დღით ადრე დაიწყო და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად რეგიონებიდან საჯარო მოხელეები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულები ჩაჰყავთ.
