„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე აღიარებს, რომ ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ, სიძულვილისა და ძალადობის წამახალისებელი კამპანია მის მიერ არის ორგანიზებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
31 მაისს, ღამით, ისევ გააკეთეს შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი წარწერები მთის ამბები / საქართველოს ამბების, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, საფარის, „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებზე ან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებზე.
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ!“,- სამხარაძე სტატუსს თან ურთავს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია „ქართული ოცნების“ სამიზნე ორგანიზაციების ოფისებთან და აქტივისტების სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთების დროს.
სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- თბილისი პრაიდი;
- საფარი;
- მოძრაობა „ნაბიჯი“;
- მოძრაობა „სირცხვილია“
- „სასამართლოს გუშაგი“
- „მთის ამბები“
- სტუდია „მონიტორი“
- მოძრაობა „ტალღა“
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (სოროსის ფონდი);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - ბათუმი;
- მწვანე სექტორი - ბათუმი;
- „ლელო საქართველოსთვის“;
- „გირჩი-მეტი თავისუფლება“;
- „გირჩი - დროა“;
- „ლელო საქართველო“ - ახალგაზრდული;
- „ნაციონალური მოძრაობა“ - ცენტრალური;
- „ახალი“ - გვარამია მელია;
- „ენმ“ - ბათუმი;
- ლელო - ბათუმი;
- „ახალი“ - ბათუმი;
სამხარაძის აღიარებამდე, დღეს, დილით, სახელისუფლებო ტელევიზიებმა „იმედმა“ და POS TV“-მ გაავრცელეს ფოტო და ვიდეომასალა, თითქოს „მოქალაქეებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების ოფისებთან პროტესტი გამოხატეს“.
იგივე შინაარსის პლაკატები მთის ამბები / საქართველოს ამბების და სტუდია „მონიტორის“ ოფისებთან და ამ მედიაორგანიზაციების რედაქტორების სახლებთან „ქართული ოცნების“ დავალებით 9 მაისსაც გააკრეს. მთის ამბები / საქართველოს ამბების რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
ხელისუფლების მიერ მიგზავნილმა უცნობმა პირებმა სტუდია „მონიტორის“ რედაქტორის, გამომძიებელი ჟურნალისტის ნინო ზურიაშვილის ავტომობილიც დააზიანეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, დანაშაულის ჩადენიდან სამი კვირა გავიდა, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.
„ხელისუფლების მიზანია გააჩუმოს და დააშინოს ადამიანები, რომლებიც საქართველოს რუსეთიზაციას უპირისპირდებიან. ჩვენ არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ანტიკონსტიტუციურ კანონს. არ დავრეგისტრირდებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.