პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან 7 მარტს გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოება ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დაუშვებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის.
რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია.
თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა.
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.
მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.
გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.
მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის.
კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელზეც უკანასკნელ დღეებში რადიკალების მიერ გაშლილი კამპანია იყო აგებული: ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად მოხსენიება და საქართველოს ევროპული მომავალი.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. კანონპროექტი აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები - ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის.
თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში - მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში.
მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს.
საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა. მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულურება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს.
დღეს ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას. საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა.
ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ამის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები.
ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ.
როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება.
საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში“, - აცხადებს კობახიძე.
2014 წელს, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა მოამზადა „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციაში მიღებულ კანონზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრულველყოფის ინტერესმა არ შეიძლება გაამართლოს ის ზომები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას. ტერმინის - „უცხოელი აგენტების“ შესახებ ვენეციის კომისია წერდა, რომ კომუნისტების პერიოდში გამოყენებული რიტორიკის დაბრუნებით, ეს ტერმინი ახდენს იმ ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომელთა მიმართაც ის გამოიყენება, ლახავს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ საქმიანობას.
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.
რუსული კანონების წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, 66 ადამიანი დააკავა. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ნაცემები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენ გაზს კი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად უშვებდა. დაშავდა არაერთი ადამიანი. ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქცია რამდენჯერმე დაიშალა, ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა. პოლიციელები მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში დასდევდნენ და აკავებდნენ, დაკავების დროს კი ძალადობდნენ.