ბათუმში, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ 31 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მათ შორის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილების გადამეტებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით დაკავებულ 23 პირს შორის იყო პარტია „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გენრი დოლიძე. „ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით. არ ვიცი, რომელმა, მაგრამ ამოვიცნობ!“, - თქვა დოლიძემ დღეს, ვიდრე სენაკის დროებითი დაკავების იზოლატორიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანდნენ. მოგვიანებით, მან მედიასთან ვრცლად ისაუბრა დაკავებისას მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ:
„ჯებირის გარეთ დამაკავეს. აკავებდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, ხელებაწეული ვყვიროდი - ეს არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და რუსეთის გამო ნუ დააკავებთ მეთქი. ხალხმა რომ ეს გაიგო, პოლიციას ხელიდან გამოგლიჯა ეს კაცი.
ამ დროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თქვეს - შენ ხომ არ ხარ ვეტერანიო, შემაგინეს და ჯებირის შიგნით შემათრიეს, ალყა შემომარტყეს, დამაწვინეს, ხელბორკილი გამიკეთეს და დამაჭირეს წიხლები. თავზე წიხლი მქონდა დაჭერილი და მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, იკითხა ეს რომელიაო. თავი რომ ამაწევინეს და მიცნო, წიხლი მითავაზა სახეში. როგორც ამოვიცანი, ეს იყო ირაკლი დგებუაძე, რომელიც უშვერი, ენით აღუწერელი სიტყვებით მაგინებდა და მას შემდეგ, რაც ჩემი იდენტიფიცირება მოახდინა, ფიზიკურადაც გამისწორდა“, - განაცხადა გენრი დოლიძემ და აღნიშნა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.
პოლიციამ აქციაზე დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის შვილი ილია ანთაძე.
„უბრალოდ ვიდექი და წინ კაცს ეჭიდავებოდნენ, რა დროსაც ვთქვი - ბაბუის ტოლა კაცს როგორ ექცევით მეთქი. ამ დროს უკნიდან პოლიციელი მომადგა და შემაგდო პოლიციელებში. მირტყამდნენ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში. პოლიციისთვის არანაირი მიზეზი არ მიმიცია, რომ დაკავების ორდერი გაეცათ. დამიჭირეს, გამისწორდნენ ფიზიკურად და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს“, - ამბობს ილია ანთაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გენრი დოლიძისა და ილია ანთაძის საქმეები დღეს უნდა განეხილა, თუმცა სხდომები გადაიდო.
პოლიციელების მხრიდან აგრესიულ დამოკიდებულებაზე საუბრობს აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე ქალიც: „ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს დაკავების ვიდეო და იქ თითქოს ყველაფერი ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო. დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, ჩავეჭიდე, ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს“, - აცხადებს მარინა ჩობანიანი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად სახალხო დამცველის აპარატიდან და შსს-ს მოთავსების იზოლატორებიდან შესული შეტყობინებები დაედო.
სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობენ, ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს გემის მეორე ვიზიტი იყო, რასაც მოქალაქეები საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, წარწერებით „რუსეთი ოკუპანტია“ დახვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა. დღის განმავლობაში, შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავეს. რუსი ტურისტების ნაწილმა ბათუმის დასათვალიერებლად გემიდან ჩამოსვლა პოლიციის დახმარებით შეძლო.
საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დღის ბოლოს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და თურქეთისკენ წავიდა. კრუიზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი ანალოგიური მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება სავარაუდოდ ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შევიდა.