კასპში პოლიციელის ცემის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კასპის მუნიციპალიტეტში პოლიციამ სამი პირი დააკავა 16 ივლისს, კვირას, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულებმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელ ლაშა ტუხაშვილს, მის მამას და ოჯახის სხვა წევრებს სცემეს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში მათზე ლაშა ტუხაშვილმა მამასთან ერთად იძალადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმის მასალების მიხედვით, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე, ლაშა ტუხაშვილის ცოლის, ირმა კვირკველიას ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მიშა მაისურაძე შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ლაშა ტუხაშვილი შეესწრო, რომელიც ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

პროკურატურის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ტუახაშვილსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ.

„ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს. ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა. გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯ.ც.-ს ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ ერთი, 237-ე მუხლითაც (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით), რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბრალდებულები აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. მათი ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის თქმით, კონფლიქტი მცირე ავტოავარიის შემდეგ პოლიციელმა და მისმა მამამ დაიწყეს.

„ბიჭი, ვის ინტერესებსაც ვიცავ, მიდიოდა მანქანით, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონო მართავდა. ქალბატონის მანქანას უკან მისდევდა მანქანა, რომლის მძღოლი პოლიციელი აღმოჩნდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანისა და ქალბატონის მანქანის სარკეები შეეჯახა ერთმანეთს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოვიდა მანქანიდან და იკითხა, ხომ არაფერი დაზიანდა. ამ დროს მესამე მანქანის სალონიდან პოლიციის თანამშრომლის მამამ შეიგინა, შენი დედაო, ნორმალურად იარეო. ამას მოყვა დაპირისპირება. იმ კაცმა და მისმა პოლიციელმა შვილმა, ცემა დაუწყეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამ დროს გზაზე ორმოციდან მომავალი ხალხი გამოჩნდა. დაინახეს, რომ მათ თანასოფლელ ბიჭს სცემდნენ პოლიციელი და მისი მამა. ხალხმა დაიწყო მამა-შვილის შეკავება.

პოლიციელმა, რომელიც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, დაუმიზნა და რომ არა ადამიანები, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს და ააქნევინეს, ვის მოხვდებოდა, კაცმა არ იცის.

ბრალდებულები ამბობენ, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში მათზე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდა იმავე პოლიციელის და მისი მამის მხრიდან. ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო“, - აცხადებს ადვოკატი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებასაც შესთავაზებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.