კელი და კრამერი: შეერთებულმა შტატებმა არალეგიტიმური არჩევნები არ უნდა აღიაროს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში და დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივ კრიტიკულ წერილს Foreign Policy-ში ავრცელებენ. ისინი აშშ-ს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს პროდასავლელ ქართველ ხალხს და ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად სცნოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პოლიტიკოსები აშშ სახელმწიფო მდოვანს ენტონი ბლინკენს აკრიტიკებენ, რადგან მან არჩევნების შესახებ განცხადებაში შედეგების არალეგიტიმურობაზე არაფერი თქვა და „ქართული ოცნების“ კრიტიკას მოერიდა. ბლინკენისგან ისეთივე სიმწვავეს ითხოვენ, როგორიც 2004 წელს სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის სიტყვა იყო, უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ „არჩევნების მოპარვის“ შესახებ, რასაც „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოჰყვა.

„საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყრდნობით, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები არ იყო „თავისუფალი და სამართლიანი“, მაგრამ მან თავი აარიდა კომენტარს თავად შედეგების ლეგიტიმურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბლინკენმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს „პატივი სცენ კანონის უზენაესობას“ და მოეგვარებინათ საარჩევნო ხარვეზები, მან არ დაასახელა „ქართული ოცნება“, ქვეყნის მმართველი პარტია, რომელმაც შექმნა ეს არეულობა“, - აღნიშნულია წერილში.

კელი და კრამერი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, დაასანქციროს - „კრიზისზე პასუხისმგებელი პირები - დაწყებული პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძით, დამთავრებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიით.“

პოლიტიკოსები განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციურ პარტიებს დასავლელი პარტნიორების ბრძანებით, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროპაგანდას „მეორე ფრონტის“ შესახებ წერილის ავტორები აბსურდულს უწოდებენ.

„არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მოპარვას ცდილობს. ამ გაზაფხულზე ივანიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია არ გაიმარჯვებდა, ოპოზიცია ქვეყანას რუსეთთან დამანგრეველ ომში ჩაითრევდა. მან მოიყვანა აბსურდული მტკიცებულება, თითქოს ოპოზიცია მისი დასავლელი „პატრონების“ ტყვეობაში იყო და თითქოს მათ უბრძანეს, უზრუნველყონ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა. აგვისტოში ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ეს ოპოზიციური პარტიები „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის გადაიხდიან“ და მათ აკრძალავს“, - წერენ კელი და კრამერი.

ისინი ბიძინა ივანიშვილის პარტიას საქართველოში ერთპარტიულ მმართველობის დამყარებაში ადანაშაულებენ, რასაც ის 2012 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. აღნიშნავენ, რომ პარლამენტსა და სასამართლოზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ სცადა იმ ორ კომპონენტზეც მოეპოვებინათ ძალაუფლება, რაც მათი ხელისუფლების კონტროლქვეშ ვერ მოექცა - „ორჯერ ცდილობდა ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და დაარბია სადამკვირვებლო ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები...

მთავრობამ შემოგვთავაზა რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“. იმის შიშით, რომ თბილისი, მოსკოვის მსგავსად, გამოიყენებდა კანონს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისთვის და საბოლოოდ დახურვის მიზნით, ასობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტო აქციისთვის. მთავრობამ მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკი დარბევით უპასუხა“, - აღნიშნავენ წერილის ავტორები და რუსული კანონის გამო დაწესებული სანქციების მიღმა, სხვა ეფექტური გზების ძებნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებამ ვერ იმოქმედა ივანიშვილსა და კობახიძეზე.

კელი და კრამერი მოუწოდებენ ვაშინგტონს, გერმანიისა და პოლონეთის მსგავსად, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც „რჩება ძალიან პროდასავლური და სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“ და არ აღიაროს აშშ-მ არალეგიტიმური არჩევნები.

„საქართველო გახდა უახლესი ბრძოლის ველი და დროა, შეერთებული შტატები გამოწვევის წინაშე დადგეს“, - წერენ იან კელი და დევიდ კრამერი.

ხმების დასაცავად 28 ოქტომბერს რუსთაველზე საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მოწოდებით, მრავალათასიანი აქცია გაიმართა. არჩევნებს სალომე ზურაბიშვილმა „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა. ცენტრალური საარცევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ხმების 53.92% მიიღო, არც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აღიარებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.