„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრთა ნაწილი პარტიის მოქმედი თავმჯდომარისგან განმარტებას და მის გადადგომას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით, საკრებულოს პარტიული სიიდან ამოიღეს ის ოთხი ადამიანი, ვინც შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას დაუჭირა მხარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებით, ჰქონდეს უწყვეტი საპროტეტსო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, აქტიურად მუშაობდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, იცლის იმისთვის, რომ ბათუმელების ნებას ცვლის - მე ვფიქრობ ზუსტად ისევე, როგორც ამის მცდელობა ჰქონდათ და გამოუვიდათ დავით რიჟვაძეს [აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა - რედ.] და ირაკლი კობახიძეს, უბრალოდ, მათ ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს და ასე მოხდა ნუგზარ ფუტკარაძის აცილება ბათუმის საკრებულოდან. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა. მიმაჩნია, რომ წარმოუდგნლად ცუდი რამ მოხდა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ, რომელმაც იანვარში, პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიული სიიდან ლევან გორგილაძის, როინ დვალის, ელიზა ეფაძის და შორენა აბაშიძის ამოღების თაობაზე მიმართა.
„ჩემთვის მოულოდნელად გავიგე, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მე, მეგობრებთან ერთად, სიიდან ამომიღო, რაც ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ შიდაპარტიული არჩევნების დროს, მის უშუალო კონკურენტს, ნიკა მელას ვუჭერდი მხარს. წესით და რიგით, ხელი უნდა აჰკანკალებოდა სიიდან ჩემს ამოღებაზე, თუმცა, ჩრდილოვანი მმართველობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ დაავალეს და მან ხელი მოაწერა“, - თქვა გორგილაძემ.
ბათუმის საკრებულომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა კილაბერიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს, რის შემდეგაც საჭირო იქნება მისი უფლებამონაცვლის უფლებამოსილების ცნობა. კილაბერია მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2021 წლის საკრებულოს არჩევნებისთვის, პარტიულ სიაში ლაშა კილაბერიას შემდეგ ლევან გორგილაძე, როინ დვალი და ელიზა ეფაძე ჰყავდა შეყვანილი.
საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს და პარტიის ახალ მენეჯმენტს მისი გადაყენებაც სურთ: „არ გადავდგები, რადგან ამ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციის უმრავლესობა და მას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღეს მე ვხელმძღვანელობ ფრაქციას. ის აღარ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, მან მიიღო, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოხდეს იმ გუნდის დაშლა ბათუმის საკრებულოში, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გადაიტანა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ სიიდან ამოღებული ადამიანები და საკრებულოში მყოფი ბევრი დეპუტატი პარტიის ინტერესებს აღარ წარმოადგენენ.
„ეს ადამიანები არიან გარკვეულ დაჯგუფებაში, რომელსაც ცალკე ოფისიც აქვს გახსნილი და არ ვიცი, ვის ინტერესს ატარებენ. აქედან გამომდინარე, ისინი ამოღებულნი იქნენ სიიდან. ეს კანონის ფარგლებში ჯდება და პარტიის თავმჯდომარეს აქვს ამის უფლება“, - განმარტა ანთაძემ ჟურნალისტებთან.
ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიმდინარე წლის იანვარში, შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გახდა. ელექტრონული კენჭისყრის დროს მან მთავარ კონკურენტზე, პარტიის ყოფილ თავმდჯომარე ნიკა მელიაზე მეტი ხმა მიიღო.