„ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური“ პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა“, - კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ არმენოფობიურ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხაზარაძე სომეხ ხალხს ბოდიშს უხდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
„ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია!
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში! ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს! აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს“, - დაწერა მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.
სამთავრობო მედია POSTV-მ, საპარლამენტო არჩევნების წინ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ არმენოფობიური კამპანია წამოიწყო. 30 სექტემბერს პროპაგანდისტულმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „ხაზარაძის სომხური შალახო“, სადაც ერთ-ერთი პოპულარული სიმღერის ტექსტია გადაკეთებული. მოგვიანებით, 11 ოქტომბერს, POSTV-ის ჟურნალისტმა ხაზარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა და მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ მალავს თავის სომხურ წარმომავლობას. „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამის აღიარება? ... სომხები ხომ ჩვენი მოძმე ერია, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამის აღიარება?“, - ეკითხებოდა ჟურნალისტი ხაზარაძეს.
მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 90-იანების მსგავსად ეთნიკური დაპირისპირების გამწვავების მცდელობად იქნა აღქმული და ქსენოფობიად შეფასდა. მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ POSTV-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც უჩივლა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არხის მიერ გავრცელებული ვიდეო (ინტერვიუ) დისკრიმინაციულია, რადგან ეფუძნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტრეოტიპულ დამოკიდებულებას, „რომელსაც არჩევნებში მონაწილე მხარეები ხშირად წინასაარჩევნო მანიპულაციისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მიმართავენ“.
ამ საკითხს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, - განაცხადა იოსელიანმა.
