ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა, ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია - გახარია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო - კიდევ ერთი დღე“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ, რომ მე აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვქონდა და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ.

რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო. როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან. ეს არის მიზეზი, რის გამოც გადაიდო მოლაპარაკებები, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე“, - თქვა გახარიამ.

შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არ დასრულებულა და მათ პაუზა აიღეს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის. ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი. აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძეს ჰკითხეს წარსულში მასსა და გიორგი გახარიას შორის არსებულ დაპირისპირებაზეც.

„ჩვენ შორის დაპირისპირება რომ იყო, ამას არ უარვყოფ. დაპირისპირება იყო, თქვენ გახსოვთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ეს არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა და აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი. ეს არ არის ვინმეს პროექტი, ეს არის ქვეყნის პროექტი. ჩვენ ვნახეთ, რომ 5 წელია, გაჩერებულია და „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს პროექტი. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

საპარლამენტო არჩევნების წინ, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა.

„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - თქვა ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).