კიევის სასამართლომ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეს განიხილავს, უკრაინაში სააკაშვილის დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. ეს ადამიანი ცნეს დაზარალებულად და უკრაინის კანონმდებლობით მას სრული უფლება აქვს, სასამართლოში მისცეს ჩვენება. მე ვერ ვხედავ პრობლემას, რატომ უნდა გვითხრას უარი საქართველოს ხელისუფლებამ. თუმცა, თუ ასე მოხდება, მზად ვართ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე წავიდეთ. არ აქვს მნიშვნელობა საუბარია ყოფილ პრეზიდენტსა თუ რიგით მოქალაქეზე, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - უთხრა „მთავარ არხს“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ.
მიხეილ სააკაშვილის ქართველმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააზუსტა, რომ უკრაინის სასამართლო განიხილავს სააკაშვილის მიმართ უკრაინაში განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
„რამდენჯერმე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო განიხილავდა საქართველოში სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სწორი ინფორმაციაა, რომ უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე თვითონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად.
მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს.
სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. 12 მაისიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამედიცინო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - საჭმელს ვერ ჭამს, მედიკამენტების მიღებაზე კი უარი თქვა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.