კინოცენტრმა შესაძლოა გაგა ჩხეიძის დირექტორობით თბილისის კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გაგა ჩხეიძე

კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებაა, შესაძლოა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს. ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული გაგა ჩხეიძე გერმანიის სახელმწიფო ჯილდოთი - გოეთეს მედლით დაჯილდოვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გოეთეს მედალი 1954 წლიდან, საზღვარგარეთ გერმანული ენისადმი გაწეული ღვაწლისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ყოველწლიურად გაიცემა. გაგა ჩხეიძის დაჯილდოების შესახებ 31 მაისს გახდა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2005-2018 და 2019-2022 წლებში გაგა ჩხეიძე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კრიტიკა გამოთქვა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად განცხადება გამოაქვეყნა, 2022 წლის მარტში, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა.

კინოცენტრი აცხადებს, რომ გოეთეს ინსტიტუტმა „მცდარი, ფარისევლური ბრალდება“ და „უტიფარი სიყალბე“ გამოაქვეყნა, რომელიც „უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება“.

კინოცენტრის განმარტებით, ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, რომელმაც გამოავლინა მის მიერ „ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა“.

„გაგა ჩხეიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ბრალდებები, თითქოსდა რუსეთ-უკრაინის ომთან მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს არც ელემენტარულ სიმართლესთან და არც მორალთან. 

ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგებაც, რომ კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დირექტორიც თავად გაგა ჩხეიძეა, 2022 წელს დააფინანსა 150 000 ლარით, ხოლო 2023 წელს - 125 000 ლარით. იგივე ფესტივალი, კინოცენტრთან ერთად, დააფინანსა 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც 47 000 ლარით.

უმარტივესი კითხვა იბადება - თუკი კინოცენტრი უკრაინას არ უჭერს მხარს (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით) და ამ მიზეზით „ჩაგრული“ გაგა ჩხეიძე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ამავე გაგა ჩხეიძეს ფესტივალს რატომ უფინანსებს? ასევე, თუ კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო არ უჭერენ მხარს უკრაინას (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით), ხოლო გაგა ჩხეიძე უკრაინის თავდაუზოგავი მხარდამჭერია, რატომ იღებს ის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს თავისი ფესტივალისათვის სწორედ ამგვარი სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან?!

დანარჩენი თავად საზოგადოებამ განსაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი შეიძლება ითქვას იმ ე.წ. ღვაწლზე, რომელიც, გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორებს თუ დავუჯერებთ, გაგა ჩხეიძეს ჰქონია ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის წინაშე. გაგა ჩხეიძის ვითომდა ღვაწლის მორიგ თვალსაჩინო მაგალითად, გარდა აუდიტის ზემოხსენებულ დასკვნაში მოყვანილი სერიოზული კანონდარღვევებისა, მის მიერ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, იქ, სადაც იშვა ქართული კინო, „ქართული ფილმის“ ტერიტორიის განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებიც იკმარებდა.

ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“, - ნათქვამია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აუდიტის დასკვნა გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი და გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.

2021 წლის მარტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო, რის შედეგადაც სამსახურიდან 70-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. გაგა ჩხეიძეს თეა წულუკიანის ბრძანება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.