„კოალიცია ცვლილებისთვის“, რომლის ოთხივე ლიდერი პატიმრობაშია, ღია წერილით მიმართავს აშშ-ს, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებსა და პარლამენტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
კოალიციაში შემავალი პარტიები – „ახალი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ – მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, პერსონალური სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და პარტიის სხვა ლიდერებს. პარტიების მოწოდებაა, დასავლეთმა ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიაროს სალომე ზურაბიშვილი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
„ძვირფასო საქართველოს მეგობრებო, ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი კოალიციის ლიდერები, გწერთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში – მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მტრებად ცხადდებიან საქართველოში დემოკრატიის დამცველები და ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ღირებულებების ერთგული ძალები.
დღეს, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ „საბოტაჟში“ ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ.
აღნიშნული შიდა პროპაგანდით „სუვერენიტეტის დაცვად“ არის წარმოდგენილი, რეალურად კი შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – „ახალის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე.
მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა.
სწორედ, ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ:
- პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ დე-ფაქტო ოფიციალური პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო მანიპულაციებსა და რუსეთთან თანამშრომლობაზე.
- MEGOBARI Act-ის მიღება აშშ-ის სენატის მიერ – როგორც ძლიერი სიგნალი ქართველი ხალხის პროდასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
- ყველა პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერება რეჟიმთან მანამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, არ შეწყდება რეპრესიები და არ აღდგება კონსტიტუციური წესრიგი.
- საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარება როგორც ქართული ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმური წარმომადგენლებისა.
საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპას არ შეუძლია, კარი გაუღოს რუსეთით მართულ ავტოკრატიას. რაც დღეს თბილისში ხდება, ხვალ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საზღვრებს მიღმაც. თავისუფლების ბედი შავი ზღვის რეგიონში და დემოკრატიული სამყაროს მორალური ძალა ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაგვიცავს თუ არა ჩვენი საერთო პრინციპები ისეთივე სიმტკიცით, როგორსაც ისინი იმსახურებენ.
მადლობა მეგობრობისთვის, სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით თქვენი გამბედაობისთვის, დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით ამ ისტორიულ დროს“, – წერია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ღია წერილში.
კოალიციის ლიდერები - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე ციხეში არიან. ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.
