კობახიძემ და პუტინმა თურქმენეთში ნეიტრალიტეტის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

დღეს თურქმენეთის დედაქალაქში იმართება საერთაშორისო ფორუმი, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს, საერთაშორისო ნეიტრალიტეტის დღეს და მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აშხაბადში ასევე ჩავიდნენ სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, ერაყის პრეზიდენტი აბდულ ლატიფ რაშიდი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრი ალი ასადოვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და სხვები.

ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა განაცხადა, რომ თურქმენეთის ხელმძღვანელობის მიერ 30 წლის წინ გაკეთებულმა არჩევანმა მუდმივი ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ, არსებითად განსაზღვრა თურქმენეთის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ვექტორი.

„თქვენი ქვეყანა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კობახიძეც. მისი თქმით, სესიის თემა [„მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“] ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

„ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, – განაცხადა მან.

კობახიძე თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით წელს უკვე მესამედ ჩავიდა. გუშინ, 11 დეკემბერს, ის თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას. 

თურქმენეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისთვის. ერდარ ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ კობახიძის ფორუმში მონაწილეობა აჩვენებს მის მხარდაჭერას თურქმენეთის ნეიტრალიტეტის პოლიტიკისადმი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.