კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს და წერს, რომ 36 ლის წინ, რუსთაველის გამზირზე ძალადობა „უცხოურმა ძალამ“ განახორციელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე.

„დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.

დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას“, – ვკითხულობთ კობახიძის განცხადებაში.

პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან, ღამე გაათენეს და დღის ბოლომდე იქ დარჩენას აპირებენ. როგორც მათ განაცხადეს, მემორიალთან მისვლის უფლებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ მისცემენ, რადგან მათ ამის „მორალური უფლება არ აქვთ“.

„წუხელ ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს მიცვალებულებს, რომლებიც რუსეთის ჯარმა დაგვიხოცა. რისთვის უნდა მოვიდნენ აქ, მემორიალთან და ვის უნდა მიაგონ პატივი, რუსეთის მიერ დახოცილ ხალხს, როცა თავად რუსეთში მიდიან?!“, – განაცხადა პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი ტერაშვილის დედამ, მარინა ტერაშვილმა.  

რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა მას შემდეგ, რაც იქ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. ტიტუშკები გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეები სწორედ მათ ადანაშაულებენ პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი.

9 აპრილს დაღუპულები არიან: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი 46 წლის; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.

ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და 1921 წელს, გასაბჭოების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.