„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ის ბიზნესმენები საუბრობენ, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
კობახიძის განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ კერძო სექტორის ნაწილი წელს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს ელის.
„ნაწილი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოება, ითხოვენ... ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევენების მოთხოვნას?! რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მუდმივად საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არასდროს არ დადგა - მადლობა ღმერთს - ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება. მათ უნდათ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს „ნაცმოძრაობა“, რომელიც ბიზნესის რეკეტით იყო გამორჩეული და ამის გამო აქვთ იმედი, რომ ქვეყანაში იქნება კრიზისი, მზად არიან, ამას საკუთარი ბიზნესინტერესებიც კი გადააყოლონ. ეს აბოლუტურად გაუგებარია.
ჩვენ ვართ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც. ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ის მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს. როცა გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, ეს, მგონია, რომ არ არის მაინცდამაინც მათი საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.
ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ პეტიციას 2400-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. მათ შორის არიან ისეთი მსხვილი ბიზნესებიც, როგორებიცაა „მაგთიკომი“, „სპარი“, „გორგია“, „ბიბლუსი“, „პსპ ფარმა“, „მაკდონალდს საქართველო“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „თავისუფალი უნივერსიტეტი“, „8000 მოსავალი“ და ა.შ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომისტი ნიკა გილაური მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ იზოლაციონისტური პოლიტიკა, რასაც თან სდევს საერთაშორისო სანქციების დაწესება, უმძიმესი გამოწვევაა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მისი თქმით, ინვესტორები მოერიდებიან ინვესტიციების განხორციელებას ისეთ ქვეყანაში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტორი უნდა იყოს, გლობალური მაგნიტსკის პროგრამის ფარგლებშია დასანქცირებული.
ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
საპროტესტო აქციებზე ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრაციები არაერთხელ დაარბია. ბოლო ორი თვის განმავლობაში დაკავებულია აქციების 500-მდე მონაწილე, 50-მდე ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.