ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აშშ-მა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასანქცირა. სანქცირებულთა შორის მოხვდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე - მირზა კეზევაძე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის, 2024 წლის დემონსტრაციების დროს.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) განმარტავს, რომ ეს ქმედება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი ხუთი პირი, მათ შორის, ვახტანგ გომელაური დაასანქცირა.

„2024 წლის ნოემბრის ბოლოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რომ საქართველო შეაჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციებს არაპროპორციული ძალადობით უპასუხეს, რათა ჩაეხშოთ განსხვავებული აზრი და საპროტესტო აქციის მონაწილეები დაეშინებინათ.

სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა ტაქტიკა, რომელიც მოიცავდა მასობრივ ცემას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და სექსუალური ძალადობის მუქარას.

სპეცდანიშნულების დეპარტამენტის წევრების მხრიდან ძალადობა მოხდა იმ დროს, როდესაც პირები იყვნენ დაკავებულები, იმყოფებოდნენ პატიმრობაში და საპროტესტო ზონის გარეთ მდებარე ადგილებზე. ანსაკუთრებულ დავალებატა დეპარტამენტი ასევე მიზანმიმართულად დევნიდა ჟურნალისტებს, რადგან ისინი აშუქებდნენ ძალადობას.

2024 წლის მაისში, „უცხოური გავლენის კანონის“ მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ასევე გამოიყენა ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ძალადობას ახორციელებდა, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი ცემით“, - ვკითხულობთ OFAC-ის განცხადებაში.

ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი აღნიშნავს, რომ განხორციელებულ ძალადობას ზედამხედველობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე იმ პირებთან ერთად, რომლებიც OFAC-მა 2024 წლის 16 სექტემბერს დაასანქცირა - ესენი არიან დეპარტამენტის დირექტორი ზევიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი კიდევ ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

OFAC-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაწესებას. სანქცირებულ პირთა ქონება ან ქონებრივი ინტერესები აშშ-ი დაიბლოკება. ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულებთან, შესაძლოა ასევე დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს.

რაც შეეხება მაგნიტსკის სანქციებს, 2016 წელს მიღებული მაგნიტსკის გლობალური ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტი აშშ-ს აძლევს უფლებას, სანქციები დაუწესოს უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და უცხო ქვეყნის მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.