ბრიტანეთმა ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, სულხან თამაზაშვილს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილსა („ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. სანქციები ითვალისწინებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.

„ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.  

სანქციებს წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა, რომ დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებაზე, შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება. 

„ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - თქვა მინისტრმა.

უფრო ადრე, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და „კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. გარდა ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევა გაეროს ექსპერტებმა დაგმეს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას „სერიოზული დარღვევა“ უწოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.