საქართველოს მთავრობის ნაბიჯების გამო, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოსთან „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ და ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა, მაღალი რანგის მოლაპარაკებები კი გააუქმა. ამის შესახებ ელჩმა გარეტ უორდმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა.
ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო,
პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.
არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, - განაცხადა გარეტ უორდმა, რომელიც საქართველოში ელჩად აგვისტოში დაინიშნა.
დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ბოლო, მერვე რაუნდი 2023 წლის იანვარში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ჯეიმს კლევერლი შეხვდა, რომელიც მაშინ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს, ჯეიმს კლევერლიმ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის დროს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიდნენ თანამშრომლობას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარი პლატფორმაა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას - პოლიტიკურ დიალოგს, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს. ქვეყნებს შორის სტრატეგიული დიალოგი 2014 წლიდან დაიწყო. მას სახელი ბრიტანელი დიპლომატის, 1919-21 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდოპის ხსოვნის პატივსაცემად ეწოდა.
