თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 4 ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეაჩერა და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ზოგიერთ რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
- 6 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულო შეფარდებას, ასევე, კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის და სხვა უფლებების 5 წლით ჩამორთმევას.
„აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც, დავუშვათ, ადამიანს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დაეკისრება სახდელი - ჯარიმა და ვერ გადაიხდის მას ფინანსური ან სოციალური მდგომარეობის გამო, თუ მის წინააღმდეგ მომავალში მსგავსი სამართალდარღვევის საქმე იქნება აღძრული, სასამართლო ვალდებულია, მინიმუმ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანის ძირითად უფლებებს აღღვევს“, - განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.
მოსამართლე საქმეების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გააგრძელებს.
ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ის იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და 30 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნო.
საერთო სასამართლოს მოსამართლეს შეუძლია გამოიყენოს კონსტიტუციური წარდგინება, თუ კონკრეტული საქმის განხილვისას გაუჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ.
