პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ ბაზაზე იმყოფებოდა. მან დეპარტამენტის ხელმძღვანელობას - აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს ქვეყნის წინაშე სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა თანამდებობის პირებს. მადლობას ვუხდი ამ სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ახალ ბაზაზე ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისით გამართული ინფრასტრუქტურაა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქმიანობის განხორციელებაში შეუწყობს ხელს. შს მინისტრ ვახტანგ გომალაურის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ შსს-მ წყლის ჭავლის რამდენიმე ახალი მანქანა შეიძინა.
16 სექტემბერს, აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 28 მაისს რუსული კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებმა ძალადობა გამოიყენეს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ძალადობას, რაც მოიცავდა არაძალადობრივი საპროტესტო აქციების არაერთი მონაწილის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასტიკად ცემას, სწორედ ხარაზიშვილი და ლაგაზაური ზედამხედველობდნენ. „ხარაზიშვილი ცნობილია პოლიტიკურ ოპონენტებზე თავისი სადამსჯელო ქმედებებით და პირადად იყო ჩართული აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში“, - აღნიშნავდა ხაზინის დეპარტამენტი.
ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ეწევიან საქმიანობას დასანქცირებულ პირებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს. 5 ოქტომბერს ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ხარაზიშვილი და ლაგაზაური ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ. მინისტრმა არ დაასახელა ბანკი, რომელიც სანქცირებულ მაღალჩინოსნებს ემსახურება.