არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ სხდომას, სადაც 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით ინდივიდუალური სანქციები და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილეს. კობახიძის თქმით, სანქციების დაწესების წინააღმდეგ სულ მცირე ხუთი ქვეყანა წავიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა ამ საბჭოზე. ეს არის, როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები საბჭოზე“, - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი ხუთი ქვეყნის თაობაზე, თუმცა ფიქრობს, რომ „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის დაწყებას ეხება, ირაკლი კობახიძემ მას „ანტიქართული ნაბიჯი“ უწოდა და თქვა, რომ „სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“.
„ეს არის უბრალოდ სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინცდამაინც არ ექნება. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ
ადამიანებს, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ - პოლიტიკოსები იქნებიან თუ ელჩები - ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები. შესაბამისად, შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში.
ესეც დაადასტურეს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება. არის უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. ელჩი არის ხელშეუხებელი ომის დროსაც კი და როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ ჩვენს ელჩებს, მაგალითად, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ „დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე“ შეთანხმდნენ. ევროკომისია ამასთან დაკავშირებით წინადადებას წელსვე წარადგენს. როგორც კალასმა აღნიშნა, სხდომაზე „იყო დიდი სურვილი მეტის გაკეთების“.
საბჭოს შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ სლოვაკ პარტნიორთან ერთად, ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ზოგიერთი მაღალჩინოსნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას.